უნივერსიტეტების რეიტინგები

უმაღლესი განათლების სისტემისგან შორს მყოფ ადამიანებსაც კი სმენიათ მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების შესახებ, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ უმაღლეს სასწავლებელთა მსოფლიო რეიტინგებში.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გეგმავს სერიოზული თანხების ინვესტირებას მრავალწლიან საგანმანათლებლო პროგრამებში, განიცდის აუცილებლობას , რომ თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნოს ავტორიტეტული წყაროების „ობიექტურ“ მონაცემებს.

 

 

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ აკადემიურ დაწესებულებათა რეიტინგები სულ უფრო გადამწყვეტ ძალად გვევლინება  საუკეთესო სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, ასპირანტებისა თუ მკვლევარებისთვის „ბრძოლაში“.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით სულ ცოტა 17 000 სასწავლებელი ფაქტიურად „ხმალამოღებული“ იბრძვის ტოპ-100, 200, 500 წამყვან უნივერსიტეტებს შორის მოსახვედრად, შემდგომში შესაბამისი დივიდენდების მისაღებად.

არსებული რეიტინგები სასწავლებელთა მოღვაწეობის აფასებენ განსხვავებული კოეფიციენტებით. მონაცემებისთვის იყენებენ სტატიტიკას, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, სპეციალურ ანკეტებს და გამოკითხვებს. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, დღეს არ არსებობს არც ერთი მეთოდოლოგია, რომელიც არ გატარებულა კრიტიკის ქარ-ცეცხლში. მაგალითად, კრიტიკის საგანია რეიტინგების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური ასპექტები- კოეფიციენტების შერჩევა, მათი გაზომვა და შეფასების ადექვატურობა.

მაგრამ მიუხედავად პროტესტების და კრიტიკისა, საზოგადოებას ესმის, რომ სასწავლებლების შედარება საერთაშორისო დონეზე აუცილებელი და სასარგებლოა. ის სჭირდება სტუდენტებს, მათ მშობლებს, ინვესტორებს.