განათლების სისტემა

უმაღლეს განათლებას ჩეხეთში გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ჩეხეთის სამეფო ჯერ კიდევ მე–14 საუკუნეში გახდა ევროპის ერთ–ერთი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. 1348 წელს რომის იმპერატორმა და ჩეხეთის მეფემ კარლ IV დაარსა ცენტრალური ევროპის პირველი უნივერსიტეტი – კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. ხოლო 1717 წელს კი კვლავ  ჩეხეთში ამოქმედდა პირველი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი ევროპაში– პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტი.

ჩეხეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც შეუერთდნენ ბოლონიის პროცესს.  ჩეხეთის სასწავლო დაწესებულებათა უმრავლესობაში მოქმედებს შეფასების სისტემა, რომელიც ესადაგება  კრედიტების დაგროვებისა და დათვლის ევროპულ სისტემას– ECTS. აქ შეისწავლება ახალი სასწავლო პროგრამები საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად. მმართველობის ცენტრალურ ორგანოს ჩეხეთში წარმოადგენს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. უმაღლესი განათლების ხარისხზე დამკვირვებლის ფუნქციას კი ასრულებს სააკრედიტაციო კომისია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განათლების ყველა დონე ჩეხეთში პასუხობს განათლების საერთაშორისო კლასიფიკაციის ნორმებს (ISCED), და მთლიანად შეესაამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩეხეთის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

 

სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლამდე...

ჩეხეთში საშუალო სკოლაში სწავლა იწყება 6 წლის ასაკიდან. სკოლა აქ უფასოა. სავალდებულო 9 წლიანი სწავლების  შემდეგ გიმნაზიაში სწავლას აგრძელებენ ისინი, ვისაც გააჩნია შესაბამისი უნარი და  შემდგომში უმაღლესი განათლების მიღების სურვილი. გიმნაზიაში სწავლობენ დამატებით 4 წელიწადს და ამთავრებენ მას დაახლოებით 19 წლის ასაკში (სწავლების სრული პერიოდი მოიცავს 13 წელს). ეს 4 წელი სავალდებულო სწავლების სისტემაში არ შედის.  გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩეხეთში გაიცემა  სრული საშუალო განათლების ატესტატი (ჩვენი 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატის ექვივალენტი), ჩეხურად maturita.

ატესტატის მისაღებად აუცილებელია ორი სავალდებულო საგნის „ჩეხური ენა და ლიტერატურის“ და „უცხო ენის“, აგრეთვე ორი სხვა არჩევითი საგნის ჩაბარება.  "Maturity" იძლევა შემდგომ უმაღალეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას.

9 კლასის შემდეგ სკოლადამთავრებულთა 80% აგრეძელებს სწავლას პროფესიულ სკოლებში ან პროფესიულ სასწავლებლებში. სადაც შესაძლებელია მოკლე პერიოდში რომელიმე სპეციალობის დაუფლება.

პროფესიულ სკოლათა განსაკუთრებულ ტიპს მიეკუთვნება კონსერვატორია, სადაც 6–8 წლის მანძილზე შეისწავლება სიმღერა, მუსიკა, ცეკვა, დრამატული ხელოვნება. საქართველოს მსაგავსად კონსერვატორია უმაღლეს განათლებას არ იძლევა. მას ღებულობენ უნივერსიტეტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან „უმაღლესი“ სკოლების კატეგორიას.

სპეციალიზირებულ სკოლასთან შედარებით ბევრად მიმზიდველი და პრესტიჟულია უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. სტუდენტთა რაოდენობა აქ  1990 წლის შემდეგ 40%–ით გაიზარდა.
საშუალო სკოლებში სწავლების დონე განსხვავებულია. ამიტომ უმაღლეს სასწავლებლები ატარებენ მისაღებ გამოცდებს. როგორც წესი გამოცდები ტარდება წერითი სამუშაოების და ტესტების სახით მაისს–ივნისის თვეში. განაცხადის შეტანა  უმაღლეს სასწავლებლებში უნდა მოხდეს თებერვლის ბოლომდე.  

უმაღლესი განათლება

 
ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხანგრძლიობა შეადგენს 3–დან 5 წლამდე პერიოდს. სწავლის დაწყებიდან 3 წელიწადში თქვენ ღებულობთ ბაკალავრის დიპლომს, დამატებით 2 წელი საჭიროა მაგისტრის ხარისხის მისაღებად. დოქტურანტურის გავლა კი საშუალოდ მოიცავს 2–3 წელს.


უმაღლესი სასწავლებლები

ჩეხეთში დღეს  26 სახელმწიფო და 46 არასახელმწიფო  უმაღლესი სასწავლებელია.

სახელმწიფო უნივერსიტეტები როგორც წესი წარმოადგენენ სოლიდურ და პრესტიჟულ სასწავლებლებს, 650 წლიანი ტრადიციებით, საუკეთესო სამეცნიერო–ტექნიკური ბაზითა და გამოცდილი პედაგოგებით. ჩეხური უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს სპეციალობების დიდ არჩევანს.  უზრუნველყოფენ სტუდენტების სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აუცილებელია ჩეხური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, რაც მოითხოვს ჩეხური ენის შემსწავლელი მინიმუმ 1 წლიანი კურსის გავლას ჩეხეთში.

არასახელმწიფო, კერძო სასწავლებლები ჩეხეთში არსებობს 1999 წლიდან. სპეციალობათა რაოდენობა სახელმწიფო სასწავლებლებთან შედარებით აქ ბევრად ნაკლებია. მაგრამ უცხოელი სტუდენტებისთვის ისინი განსაკუთრებით მომხიბვლელია, რადგან აქ სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე. უმრავლეს შემთხვევაში არ ტარდება მისაღები გამოცდები და ფასებიც გაცილებით ნაკლებია სახელმწიფო უნივერსიტეტების ინგლისურენოვან პროგრამებთან შედარებით.

საუკეთესო უნივერსიტეტები

 

ჩეხეთში სწავლის ღირებულება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა

1999 წლის 1 იანვარს მიღებული „უმაღლესი განათლების კანონის“ მიხედვით სწავლება ჩეხეთის სახელმწიფო სასწავლებლებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის, უცხოელების ჩათვლით. თითოეული სტუდენტი იხდის მხოლოდ მინიმალურ წლიურ შენატანს, რომელიც შეადგენს 100 დოლარს წელიწადში. ამ კანონის მიღების შემდეგ უცხოელ სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი ევროპული განათლება პრაქტიკულად უფასოდ!

ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლისას სტუდენტის დამატებითი ხარჯები შემოიფარგლება ცხოვრების, კვების, სასწავლო მასალების შეძენისთვის აუცილებელი თანხებით.

კერძო სასწავლებლებში სწავლა ფასიანია.  ფასები აქ საკმაოდ ზომიერია ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. (1600 ევროდან 4300 ევრომდე წელიწადში). სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლა გაცილებით ძვირია, ზოგიერთ ცნობილ სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამის ფასი შესაძლებელია 15000 ევროსაც კი შეადგენდეს წელიწადში.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც  განაპირობებს ჩეხეთის პოპულარობას უცხოელ სტუდენტთა შორის– ჩეხეთში ცხოვრება არ არის ძვირი, თუმცა პირობები უახლოვდება დასავლეთევროპულს. მაგალითად პრაღაში სტუდენტის ცხოვრების და კვების ხარჯები თვეში შეადგენს 400 ევროს.